ნატო მზად არის, ევროპის მიმართ ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს, მათ შორის ირანიდან მომდინარე საფრთხესაც. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.
მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს ირანის მუქარაზე, რომ შესაძლოა სარაკეტო დარტყმები მიიტანოს ევროპის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.
„როგორც ეს მიმდინარე წლის დასაწყისში ვნახეთ, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხჯერ წარმატებით მოიგერიეს ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები, ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ძლიერი და ეფექტიანია“, - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
CNN-ის ცნობით, მარტში ნატო-ს სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრა მოახდინეს.
ნატო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალიანსი „მზად არის უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს და ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად“.
შეგახსენებთ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი განიხილავს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტის ესკალაციას გადაწყვეტს.