ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, არ ვიცი, რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ-ლაივში განაცხადა.
მან უპასუხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებულ კითხვას.
ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება კრიზისშია და მიმართულება აღარ გააჩნია.
„ყველაფერს ვხედავ - ქაოსი, კრიზისი, ერთმანეთის მიმართ სრული უნდობლობა, ანგარიშსწორება, რაზედაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ალბათ, რაღაც პოლიტიკური თამაშია, რომ აქედან გამოძვრნენ. არ ვიცი, ალბათ უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია. ან რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან... ჩვენ ამ ყველაფერში ვერ გავერკვევით, რადგან ეს მათი თამაშებია, მაგრამ რაც ნათელია, არის ის, რომ ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს. სრულიად ღრმა კრიზისშია და როგორც ქათამი, რომელსაც თავი მოაძვრეს, ხან იქეთ ეჯახება, ხან აქეთ, მიმართულება აღარ გააჩნია.
სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, თავისი მიმართულება აქვს რუსეთს და მისი ჰიბრიდული სტრატეგია ამის ფონზე უფრო ადვილად ძლიერდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.