საქართველოს სარეკლამო ბაზარმა გამოცოცხლება დაიწყო. უკვე სექტემბერში სარეკლამო ბაზრის 15-20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ოპტიმისტურია ექსპერტების სამომავლო პროგნოზიც, თუმცა მათი განცხადებით, კომპანიები პარკამპანიებისთვის დღეს იმ რაოდენობის თანხას აღარ ხარჯავენ, რასაც თუნდაც ერთი წლის წინ.
``სარკე პიაარის`` გენერალური დირექტორის თორნიკე გურულის თქმით, კრიზისის შედეგად კომპანიები ცდილობენ, სარეკლამო აქციებში რაც შეიძლება ნაკლები თანხები ჩადონ და ეფექტური შედეგი მიიღონ.
``სარეკლამო ბაზარი ნელ-ნელა ფეხზე დგება და თანდათან უფრო აქტიურდება, თუმცა ძალიან დიდი გამოცოცხლება ამ სფეროში არ არის. სექტემბრიდან კვეთრ ზრდას ველოდებოდით, რაც არ მომხდარა. ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანიები სარეკლამო აქტივობების მცირე ბიუჯეტით დაგეგმვას ისე მიეჩვიენ, რომ რეკლამისთვის დიდ ფულს აღარ ხარჯავენ. ისინი ცდილობენ, მცირე თანხებით მიაღწიონ შედეგს``, - ამბობს გურული.
პიარ და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ``ჯეპრას`` ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ბაზრის გამოცოცხლებას საერთაშორისო ბაზრებიდან მოსული პოზიტიური ინფორმაციაც უწყობს ხელს.
``ბიზნესი არის მოლოდინში, რომ სიტუაცია დასტაბილურდება, კრიზისი დაიძლევა და აქტივობაც სწორედ ამიტომაა მომატებული``, - ამბობს გალუმაშვილი. მისი სპეციალისტების თქმით, ბაზრის მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ზუსტი ინფორმაცია 15 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ სარეკლამო სფეროში კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო და ამ ზაფხულისთვის ბაზარი 60-დან 80%-მდე დაეცა.