მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენს, "ბურჟ ხალიფას", გახსნის დღიდან ათასობით ტურისტი ესტუმრა. 828-მეტრიან, 124-სართულიან ცათამბჯენზე გახსნილია დასათვალიერებელი მოედანი _ "მწვერვალი", რომელიც ტურისტებს გარემოს 360-გრადუსიანი აღქმის საშუალებას აძლევს.
ყველაზე მაღალ წერტილზე მსურველები მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტით ადიან, რომლის სიჩქარეც წამში 10 მეტრია.
ცათამბჯენში, უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების გარდა, გახსნილია სუვენირების მაღაზია, სადაც ტურისტებს "ბურჟ ხალიფას" მინის მოდელიდან დაწყებული, მაისურებით დამთავრებული, უამრავი სუვენირის შეძენა შეუძლიათ.
ყველაზე იაფი სუვენირი 3 დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი - 700-მილილიტრიანი ჩვეულებრივი წყლის ბოთლი ცათამბჯენის გამოსახულებით - 82 აშშ დოლარი.
828-მეტრიანი ცათამბჯენი 5 წლის განმავლობაში შენდებოდა. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ცათამბჯენს "ბურჟ დუბაი" დაერქმეოდა, თუმცა მას არაბეთის გაერთიანებული ემირატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბინ ზაედა ალ ნაგაიანის პატივსაცემად, "ბურჟ ხალიფა" ეწოდა.
ცათამბჯენი ოფიციალურად 4 იანვარს გაიხსნა.