საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ 2021 წელს პირველად გაფორმებული თავდაცვითი შეთანხმება კიდევ 5 წლით გაგრძელდება და მას ავტომატური გახანგრძლივების მექანიზმიც ექნება.
ორივე ქვეყნის მთავრობამ ასევე ხელი მოაწერა დამატებით შეთანხმებებს თანამშრომლობის გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, ასევე ერთობლივ დეკლარაციას ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის დაწყების განზრახვის შესახებ.
„ფრანგულ-ბერძნული ურთიერთობები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროპელებმა მეტი ევროპული უნდა იყიდონ, მეტი ევროპული უნდა აწარმოონ და მეტი ევროპული ინოვაცია უნდა დანერგონ“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ათენში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების საკითხი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გამწვავდა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და ირანში მიმდინარე ომმა ევროკავშირისთვის ეგზისტენციალური გამოწვევები შექმნა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ მზარდი გაურკვევლობაა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ კომპანია MBDA-ის მიერ რაკეტების მოდერნიზაციის კონტრაქტზე და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ცენტრალურ საბერძნეთში ქარის ენერგიის შვიდი პროექტის ერთობლივ განვითარებაზე.
ცნობისათვის, 2021 წლის შეთანხმება მოიცავდა ურთიერთდაცვის პუნქტს და საბერძნეთის ვალდებულებას, შეეძინა ფრანგული სამხედრო ხომალდები სულ მცორე 3 მილიარდი ევროს ღირებულებით.