დღეს, 1-ელ ნოემბერს, ახმეტაში რძის გადამამუშავებელი საწარმო "დელამო" გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, გაეროს წარმომადგენლობის, კახეთის გუბერნატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"დელამო" ტრადიციული ქართული ყველის რამდენიმე სახეობას, მათ შორის გუდასა და თუშურს, აწარმოებს. ახალი ტექნოლოგიები და კარგად აღჭურვილი ლაბორატორია ხარისხის გაკონტროლებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შესაძლებლობას იძლევა. ყველა სახის პროდუქციაზე "დელამოს" შესაბამისობის სერტიფიკატი აქვს.
რძის მიმწოდებლები ადგილობრივი ფერმერები არიან. "დელამო" ზედმიწევნით აკონტროლებს როგორც რძის ხარისხს, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობას.
საწარმოს ბაზაზე აგრეთვე ტარდება პრაქტიკული სწავლება პროფესიული გადამზადების კურსების მსმენელებისათვის. საწარმოში დასაქმებულმა სერტიფიცირებულმა ყველის მწარმოებლებმა, ტექნოლოგებმა და ლაბორანტებმა პროფესიული გადამზადების კურსი სწორედ ახმეტაში, თელავის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე გაიარეს.