რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მეფე ნიკოლოზ II-ის ოჯახის დახვრეტის შესახებ საქმის გამოძიება შეწყვიტა. შესაბამისი განკარგულება გამომძიებელ-კრიმინალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა გამოსცა და რომანოვების სახლის წარმომადგენელს გერმან ლუკიანოვს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დოკუმენტი 800-გვერდიანია და მასში მოყვანილია გამოძიების ძირითადი დასკვნები. საგამოძოებო კომიტეტის დადგენილებით, გამოძიებას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ II-ის ოჯახის წევრების დახვრეტის ბრძანება 1918 წელს პირადად ვლადიმერ ლენინმა გასცა.
თავის მხრივ, რომანოვების სახლის კანცელარიის უფროს ალექსანდრე ზაკატოვი აცხადებს, რომ ბრძანება, შესაძლოა, ზეპირსიტყვიერად გაიცა.
"არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა დასტური იმისა, რომ სამეფო ოჯახის დახვრეტის ბრძანება ლენინმა ან კრემლის რომელიმე წარმომადგენელმა გასცა. თუ არსებობდა ზეპირი შეთანხმებები, ისინი არსად დაფიქსირებული არ არის და შესაბამისად დოკუმენტაცია არ გაგვაჩნია. დახვრეტა ურალის საოლქო საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით განხორციელდა", _ აცხადებს სოლოვიოვი.
რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები ბოლშევიკებმა 1918 წლის 17 ივლისს ღამით ეკატერინბურგში დახვრიტეს. სამეფო ოჯახის წევრთა ნარჩენები პირველად 1991 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი ნიკოლოზ II, მის მეუღლეს ალექსანდრა ფიოდოროვნას, ქალიშვილებს ოლგას, ტატიანასა და ანასტასიას, ასევე სამეფო ოჯახის უახლოესი გარემოცვის წევრებს ეკუთვნოდა. 2000 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები წმინდანებად შერაცხა. ამას გარდა, 2007 წელს ეკატერინბურგთან ადამიანის ნარჩენები კვლავ იპოვეს. 5 მილიონ რუსულ რუბლად ღირებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი უფლისწულ ალექსეის და მეფის ასულს მარიას ეკუთვნოდა.