ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდამჭერით დაფუძნდა "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი". ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან . ექსპერტი გია ხუხაშვილი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, და რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. და დააფუძნეს.
ინსტიტუტი დაფუძნებასთან დაკავშირებით დამფუძნელბელების მიერ გავრცელებუყლ განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ.
"დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველა ხელისუფლებამ სცადა, გაეტარებინა რეფორმები თანამედროვე ფასეულობათა ცივილიზებული სისტემის დამკვიდრების მიზნით. სამწუხაროდ, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და მაქსიმუმი, რასაც ქვეყანამ დღეის მდგომარეობით მიაღწია, არის ფასადური დემოკრატია და ნომენკლატურული კაპიტალიზმი. ორ ათეულ წელზე მეტია, ქვეყანა ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე ტრიალებს და თანამედროვე საზოგადოების ისეთი მარტივი ტესტიც კი ვერ ჩააბარა, რასაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. დროა, ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე. ყურადღებით გავაანალიზოთ გატარებული და მიმდინარე რეფორმები. ვიპოვოთ ის შეცდომები, რომელთა გამოც ლამის მუდმივად ვმარცხდებით საბჭოურ სისტემასთან ბრძოლაში და მათი გათვალისწინებით დავგეგმოთ მომავალი.
ჩვენი მიზანი არ არის კიდევ ერთი ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმისა თუ დოკუმენტის დაწერა _ უკვე უამრავი მსგავსი ტექსტია შექმნილი და დავიწყებული. ჩვენ არ გვსურს, კიდევ ერთი ამგვარი უსარგებლო ნაშრომის შეთხზვა. ჩვენი მიზანია, გამოვიკვლიოთ თანამედროვე ქართული საზოგადოების მისწრაფებები და წარმოდგენები, წუხილი და მოლოდინი. ჩვენ გვსურს, გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ ჩვენი საზოგადოების მენტალობის ტიპი და ღირებულებათა (ფასეულობათა) სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება გვსურს მივაქციოთ ისეთ ღირებულებებსა თუ კატეგორიებს, როგორიცაა შრომა და შრომისადმი დამოკიდებულება, სიმდიდრე და სიღარიბე, დამოკიდებულება სიმდიდრისადმი და მდიდარი ადამიანისადმი (და - პირიქით); დამოკიდებულება სამართლისა და სამართლიანობისადმი, როგორ გვესმის სამართალი და ა.შ. ჩვენი აზრით, ასეთი სახის კვლევა ხელს შეგვიწყობს, დავინახოთ, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თანამედროვე ქართული საზოგადოება, როგორი სახის რეფორმები სჭირდება მას და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ამ რეფორმათა განხორციელების ტემპი, ვინაიდან რეფორმისადმი საზოგადოების მზაობა (ან - მოუმზადებლობა), როგორც წესი, მნიშვნელოვნად განაპირობებს მის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ასეთი კვლევა შესაძლებლობას მოგვცემს, განისაზღვროს რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებები, მომზადდეს მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო პროგრამები და განისაზღვროს მათი განხორციელების გზები და ეტაპები. ამ მიზნით დავაფუძნეთ ეს ინსტიტუტი. ჩვენ მივმართეთ პოტენციურ დონორებს ამ, ჩვენი აზრით, მეტად საშური საქმის ხელშეწყობის თხოვნით. პირველი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. იგი სრულად აცნობიერებს, რომ ინსტიტუტი არ უნდა განიცდიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ინტერესთა ჯგუფის ზეგავლენას, მისი შრომის შედეგი უნდა ეკუთვნოდეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და ის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საქართველოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის. ამასთანავე, მან გამოთქვა ინსტიტუტთან აქტიური თანამშრომლობისა და დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი.
ინსტიტუტის საქმიანობა იქნება ღია, რაც მიიღწევა თემატური კონფერენციებისა და მრგვალი მაგიდების, საჯარო დისკუსიებისა და ინსტიტუტში შექმნილი ნაშრომების გამოქვეყნების მეშვეობით. სათანამშრომლოდ ვიწვევთ მეცნიერებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს, აგრეთვე პოტენციურ დონორებს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას", - ნათქვამია განცხადებაში.