ქართული ცხვრის საექსპორტო ბაზარი ფართოვდება. პირველად, 2200 სული ქართული ცხვარი ისრაელში გადის. სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის თებერვლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისრაელის მხარესთან. მათთვის მისაღები აღმოჩნდა საქართველოში არსებული ეპიზოოტიური მდგომარეობა, რაც სააგენტოს მიერ ცხოველებში პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის შედეგია. კერძოდ, "ეპიზოოტიის საწინააღმდეგო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აიცრა 25 ათასი სული ცხვარი. იმუნიზაციის პარალელურად პირველად განხორციელდა საქონლის იდენტიფიკაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის პოტენციალის გაზრდას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ისრაელის მხარემ კომპანია "ედენ ინტერნეიშენალ თრეიდინგს" ქვეყანაში ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ნება დართო.
"ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული მთელი წლის განმავლობაში როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ ისრაელის ყველა მოთხოვნა დაააკმაყოფილა. იმედი მაქვს, ეს სავაჭრო ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება"- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ისრაელში ცხვრის ექსპორტს პერმანეტული ხასიათი ექნება.
მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა სულ 101777 სული ცხვარი შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, ლიბია, იორდანია, დუბაი, ქუვეითი, ყატარი, სირია, ეგვიპტე და არაბეთი.