ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი, აგვისტოს სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვას აქვეყნებს. კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, აგვისტოს განმავლობაში ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. კერძოდ, 1-ელ აგვისტოს ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე116.81 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 94.89 დოლარი/ბარელზე, 9 აგვისტოსთვის ისინი მნიშვნელოვნად შემცირდა: ლონდონში - 102.57 დოლარამდე/ბარელზე, ნიუ-იორკში - 79.30 დოლარამდე/ბარელზე. ხოლო აგვისტოს თვის ბოლოს ნავთობის ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო და 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა: ლონდონში - 114.85 დოლარი/ბარელზე, ნიუ-იორკში - 88.81 დოლარი ბარელზე.
"PLATT"S-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი 1 აგვისტოდან 10 აგვისტომდე შემცირდა 1070 დოლარიდან 970 დოლარამდე ტონაზე, ხოლო დღეისათვის გაზრდილია 1080 დოლარამდე/ტონაზე. დიზელის საწვავის ფასი 1 აგვისტოდან 10 აგვისტომდე შემცირდა 971 დოლარიდან 883 დოლარამდე ტონაზე, ხოლო დღეისათვის შეადგენს 968 დოლარს/ტონაზე"- აცხადებს მთვრალაშვილი.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: დოლარის სუსტი კურსი; ახლო აღმოსავლეთში შესაძლო კრიზისი; ლიბიაში არსებული ვითარება, სადაც ნავთობის ექსპორტი ფაქტიურად შეწყვეტილია და რეალურად ყოველდღიურად ხორციელდება 100 ათასი ბარელი ნავთობის ექსპორტი, რაც მთელი მოცულობის დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენს. ექსპორტის სრული აღდგენა მომდევნო 15 თვეში იქნება შესაძლებელი.
"ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-დან და ასევე ევრო ზონიდან ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი მაკროეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლები, რის გამოც ტრეიდერები ვერ ყალიბდებიან საბოლოოდ თავიანთ სამომავლო სტრატეგიებზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ნავთობის ფასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებაა, ფასის მატებას შეიძლება მოჰყვეს მისი ვარდნა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბაზარი პირდაპირ და ცალსახად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფასებზე. შესაბამისად, იქ მიმდინარე ტენდენციები გარკვეული დროის პერიოდში აისახება ჩვენს ადგილობრივ ბაზარზეც. ასე იყო მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა 3 აგვისტოს ფასმა 5 თეთრით მოიმატა, ხოლო შემდეგ 22 აგვისტოს 5 თეთრით შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციისამებრ ზაფხულის პერიოდში მოხმარება მუდმივად იზრდება. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები იყო საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, საწვავის ფასები შემცირდა საერთაშორისო ფასების კლების გამო"- აცხადებს ვანო მთვარალაშვილი.
დღეისათვის ქვეყნის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 2.30 ლარი/ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.18 - 2.25 ლარი/ლიტრაზე; ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი - 2.10 - 2.15 ლარი/ლიტრაზე; რეგულარი ტიპის ბენზინი - 2.10 ლარი/ლიტრაზე; ევრო დიზელი - 2.35 ლარი/ლიტრაზე; დიზელი (ლ-62) - 2.15 - 2.20 ლარი/ლიტრაზე.