ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ პირადად მოითხოვს რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში.
მედიის ცნობით, ჩინეთში რეგიონალური ფორუმის დასრულების შემდეგ, და სილვა ბრაზილიაში დაბრუნებისას მოსკოვში გაჩერდება.
„ვეცდები პუტინთან საუბარს. ჩემთვის არაფერია იმის თქმა, რომ: „ჰეი, ამხანაგო პუტინ, წადი სტამბოლში და მოლაპარაკება დაიწყე, ჯანდაბა“, - თქვა და სილვამ პეკინში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ცნობილია, 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებები შესაძლოა კიევსა და მოსკოვს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები გახდეს.
და სილვას კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 13 მაისს მოუწოდა ბრაზილიას, გამოიყენოს რუსეთზე გავლენა, რათა უზრუნველყოს პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის გამართვა.
ასევე მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ და ჩინეთმა 13 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მხარეებს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.