პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ძალიან ჩქარა შენდება.
"ამ დღეებში დავათვალიერე ძალიან ბევრი სასტუმრო, ახალი ბულვარი, ახალი მშენებარე ხიდი, რომელსაც ერთობის ხიდი ჰქვია. ამას გარდა, რამდენიმე კილომეტრით გრძელდება ეს პლაჟი, ამ დღეებში, ალბათ, ნახავთ, რომ აქ არის ბევრი კაფე, რესტორანი. ასევე არის ძალიან ლამაზი Bungee jumping-ის და სხვა ატრაქციონები. ერთ კვირაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ძალიან დიდი აკვაპარკის მშენებლობას იწყებს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც დუბაიში ააშენა დიდი აკვაპარკი. საქართველოში ყველაფერი ხალხისთვისაა. ეს არის საჯარო სივრცე - ბულვარი, ველოსიპედის გზა, აკვაპარკი, ღია ამფითეატრი. ასევე, შენდება გოლფის დიდი კურსი, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რათა უკეთესად შევძლოთ გოლფის თამაშის სწავლა... შენდება ფეხბურთის სტადიონები კალათბურთის მოედნები და სხვა სპორტული და დასვენების ობიექტები. მეორე მხრივ, იქ არის დაახლოებით 16 ბუნგალო, მე-16 ბუნგალოს ბოლოს კი, კედელია. კედლის იქით, დაახლოებით, 60-70 კილომეტრის მანძილზე სიცარიელეა. მხოლოდ სამხედრო ბანაკი, ტანკები, მავთულხლართებია. იმის იქით კი სიცარიელე და უიმედობაა, ნგრევა და უპერსპექტივობა. იმის იქით არის ყველაფერი ის, რისგანაც ჩვენ ვცდილობთ გაქცევას", - განაცხადა პრეზიდენტმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა კავკასიაში არსებულ სიტუაციასა და პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შორს არაა ის დრო, როცა კავკასია იქნება ერთიანი.
"დიდი პრობლემებია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს ჩვენი პრობლემებიცაა, ეს ქართველი ხალხის პრობლემებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შორს არაა ის დრო, როდესაც კავკასია ერთიანი იქნება; როდესაც ეს ხალხები ერთობლივად გადაწყვეტენ პრობლემებს, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს ხალხები, ბენელუქსი, სკანდინავიის ხალხები. კავკასიას აბსოლუტურად ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, ერთიანი და მთლიანი, რა თქმა უნდა, საკუთარი საზღვრების, ერებისა და თავისებურებების შენარჩუნებით, მაგრამ ეს, მაინც, ერთი რეგიონია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.