აშშ-ს სენატმა, რომელშიც უმრავლესობას "დემოკრატიული" პარტიის წვერები წარმოადგენენ, მხარი არ დაუჭირა კანონს აშშ-ს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის ზრდის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათით ადრე იგივე კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა სენატის 59 წევრმა, ხოლო მის მიღებას მხარი დაუჭირა 51 სენატორმა.
კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა "რესპუბლიკელმა" ჯონ ბეიმოლმა წარადგინა. ობამას ადმინისტრაციამ "რესპუბლიკელების" კანონპროექტს, რომელსაც მხარი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა, "მკვდარი" უწოდა. ამის შესახებ კენჭისყრის შემდეგ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს კარლიმ განაცხადა.
მისი თქმით, "კანონპროექტი, რომელსაც "რესპუბლიკელები" უჭერენ მხარს, აშშ-ს რამდენიმე თვეში ახალი კრიზისის წინაშე დააყენებს".
რამდენიმე დღის უკან ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" უნდა წავიდნენ კომპრომისზე, რათა შემცირდეს ფედერელური ბიუჯეტის დეფიციტი და გაიზარდოს სახელმწიფო ვალის ზღვარი. მისი თქმით, ამისათვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება. "დემოკრატი" სენატორები მოითხოვენ, სახელმწიფო ვალის ზღვრის გაზრდას 2,5 ტრილიონ დოლარამდე და ხარჯების შემცირებას 2,2 ტრილიონი დოლარის ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ 2 აგვისტოსთვის სახელმწიფო ვალის ლიმიტი არ გაიზრდება, რომელიც ამჟამად 14,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ქვეყანა ტექნიკური დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება.