ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, აფხაზეთში საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაზე ბევრი ფიქრობს.
"აფხაზეთში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ადრე თუ გვიან, დაიწყებს ფიქრს, როგორ დალაგდეს ურთიერთობები აფხაზებსა და ქართველებს შორის. მგონია, რომ ბევრი ამაზე უკვე ფიქრობს, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია და ეს ადამიანებიც დამოკიდებულები არიან რუსულ სპეცსამსახურებზე", - აღნიშნა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, რუსული სპეცსამსახურები "კარგად ფლობენ" ზეწოლის მეთოდებს, რომ აფხაზებმა არ გააკეთებინონ ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათი ინტერესებისთვისაც და საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება.
"შესაბამისად, არ ველოდები, რაღაც სასწაულებს. სინამდვილეში ე.წ. სასწაულების ლოგიკური განვითარება მაშინ მოხდება, როცა რუსეთში მოხდება ცვლილებები", - დასძინა დეპუტატმა და აქვე განმარტა, რომ აუცილებელია, კრემლში რეფორმისტი ადამიანების მოსვლა, რომლებიც დემოკრატიულ გარდაქმნებს განახორციელებენ, მეზობლებთან ურთიერთობებს დაარეგულირებენ და დასავლეთთან ინტეგრაციას დაისახავენ მიზნად.
ამასთან, დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და თუ ასე დიდხანს გაგრძელდება, ის რეპრესიულ და კორუფციულ რეჟიმს ვეღარ გაუძლებს და კრიზისული მოვლენების წინაშე აღმოჩნდება.
"არსებობს მხოლოდ ეს ორი სცენარი, რომელიც ხელს შეუწყობს და დააჩქარებს პროცესების მოგვარებას აფხაზებთან და ოსებთან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე გულხელდაკრეფილი უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საერთაშორისო არენაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება არ მოხდეს და პირიქით, ეს მოვლენები ოკუპაციად შეფასდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთი მზადაა საქართველოსთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.
"არავისთან მუდმივ მტრობაში ცხოვრებას არ ვაპირებთ. ამ მიზეზის გამო, ჩვენ არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან არ გამოვდივართ", _ აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.