მეცნიერებმა აფხაზეთის ბოლო ქართველი დედოფლის წერილს, იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის სიგელს და ქართველი კლასიკოსი მხატვრების უცნობ ფოტოებს ერთ-ერთი არქივის შესწავლისას მიაკვლიეს. აღნიშნული არქივი კომპანია `ბილაინმა" მუზეუმის ხელნაწერთა ფონდისათვის ერთ-ერთი კერძო პირისგან შეისყიდა.
დღეს, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე კომპანია `ბილაინი" საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს უნიკალურ და დღემდე უცნობ კოლექციას გადასცემს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, კოლექცია რამდენიმე ათეულ ფოტოსა და დოკუმენტს შეიცავს, თუმცა მათ შორის ორი ნიმუში განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობისაა. პირველი დოკუმენტი 1792 წელს აფხაზეთის სამთვაროს ბოლო ქართველი დედოფლის ერეკლე მეფის შვილიშვილის ნინო დადიანის მიერაა გაცემული. წყალობის სიგელში დედოფალი მთავართან ერთად თავად ფაღავას საჩუქრად მამულებს გადასცემს. დოკუმენტი ქართული ენაზეა შედგენილი და ნინო დადიანი მას აფხაზ-ქართველთა დედოფლის ტიტულით აწერს ხელს. ბოლო ქართველი დედოფალი რუსეთის იმპერიის მხრიდან რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლი გახდა. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის იგი ჯერ რიაზანში შემდეგ კი ვორონეჟში გადაასახლეს. ამდენად ერეკლე მეფის შვილიშვილის მიერ გაცემული დოკუმენტები ქართულ ისტორიოგრაფიას სულ რამდენიმე შემორჩა. არქივის პრეზენტაციის დროს აფხაზეთის ბოლო ქართველი დედოფლის ფერწერული ტილოს ფოტოასლიც იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ხელოვნების ნიმუში კალიფორნიის შტატში კერძო კოლექციაშია დაცული, იგი დედოფლის ერთადერთ და დღემდე უცნობ გამოსახულებას წარმოადგენს. ამჟამად ტილო ავსტრალიელმა მეცენეტმა შეისყიდა და მალე საქართველოს გადასცემს
მეორე დოკუმენტი იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონ II-ს მიეკუთვნება, ეს დიდი ზომის გრაგნილი ბოლო ბაგრატიონი მეფის ბეჭდით, დედოფალ მარიამ დადიანისა და იმერეთის მოურავის- წერეთლის დამღებით არის დამოწმებული. დოკუმენტი, რომელიც იურიდიულ ძეგლს წარმოადგენს დღემდე უცნობი იყო და მას ბაგრატიონთა გვარის ისტორიის შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
უდიდეს ქართველ მხატვრებს ლადო გუდიაშვილს, ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძესა და ქეთევან მაღალაშვილს საქართველო ხელმეორედ აღმოაჩენს იმ ფოტოებით, რომელიც კოლექციაშია წარმოდგენილი. ფოტოების უდიდესი ნაწილი პარიზში, მხატვრების საფრანგეთში მოღვაწეობის პერიოდშია, გადაღებული. ამ დოკუმენტებით გადმოცემულია კლასიკოსების ევროპული შემოქმედების პროცესი.
ალბომის ერთი ნაწილი დავით კაკაბაძის უცნობ მემკვიდრეობასაც შეიცავს. კერძოდ აქ შესულია შევარდნაძის მიერ დაწყებული და შემდეგ განადგურებული დოკუმენტური ფილმის `საქართველოს ისტორიული ძეგლების" ფოტო ანაბეჭდები. მათი მნიშვნელობა უდიდესია, რადგან ფოტოებზე აღბეჭდილია ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. 1940 წლის მიწისძვრამდე და ზარზმის მონასტრის გადაკეთებული გუმბათები.