ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის წარდგენას გეგმავს. ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად კონსერვატიული პარტიის ინიციატივით ინტერნეტგამოკითხვები უკვე მიმდინარეობს. "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი, კახა კუკავა, აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა არათანაბარ პირობებში და არასამართლიან გარემოში მოუწევთ, მაგრამ ოპოზიცია გამარჯვებისთვის ემზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების ყველაზე მასშტაბური ტალღის აგორებას გეგმავს. მომავალი ადგილობრივი არჩევნებისა და ოპოზიციის გეგმების შესახებ "ჯი-ეიჩ-ენი" კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრა.
_ ყველა მხრივ წარუმეტებლობის წელი იყო 2009 წელი _ ქვეყნის, ოპოზიციის, ხელისუფლების, ეკონომიკისა და პოლიტიკის. ლოგიკურია, რომ როცა ხელისუფლებაც წარუმატებელია, ოპოზიციაც, ეკონომიკაც და ყველა სფერო, ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნის წარუმეტებლობის კიდევ ერთი წელი. ეს არის კიდევ ერთი დაკარგული წელიწადი საქართველოს განვითარებისთვის და ყველა წელი ასეთი იქნება, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იქნება
_ ბოლო პერიოდში ოპოზიციის რეიტინგი დაეცა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამისი მთავარი მიზეზი?
_ ოპოზიციის რეიტინგის დაცემა არ იქნება სწორი ფორმულირება. შეიძლება ითქვას, ცალკეული ოპოზიციური პარტიების რეიტინგები დაეცა. ეს მათი პასიურობითაა გამოწვეული. ჯამში, საპროტესტო ელექტორატი არ მცირდება. ანუ რეალობა არის ასეთი: ხელისუფლების რეიტინგი არის 20-იდან 30%-მდე, ოპოზიციის _ 60-80-მდე. ცალკეული ოპოზიციური პარტიები ამ 70-80-ის შიგნით ნამდვილად მერყეობს და მცირდება, მაგრამ ეს ჯამი 70-80%,-ისა, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას მკვეთრად ნეგატიურად აფასებს, არ მცირდება.
_ თქვენი აზრით, რამ გამოიწვია თუნდაც ცალკეული ოპოზიციურიმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დაცემა?
_ ალბათ, არასწორმა ტაქტიკამ. ბევრი არასწორი ტაქტიკური ნაბიჯი იქნა გადადგმული. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება. თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, როდესაც არის ოპოზიციური ერთიანობა და როცა ეს ერთიანობა იშლება, ცალკეულ პარტიებს არ აქვთ უნარი, ეს რეიტინგები დაიჭირონ. ოპოზიციის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის რეიტინგი თბილისში, ალბათ, 60-70% იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაგრამ როცა გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალა, ცალკეულმა ჯგუფებმა ეს რეიტინგი ვეღარ დაიკავა. ანუ დიდ რეიტინს სჭირდება დიდი ორგანიზაცია.
_ რატომ ვერ შეინარჩუნა ოპოზიციამ ერთიანობა?
_ ეს რესპუბლიკელებს უნდა ჰკითხოთ. პირველი ისინი გამოეყვნენ ოპოზიციას და შემდეგ ამას დომინოს პრინციპი მოჰყვა.
_ კონსერვატორების ინიციატივით მიმდინარეობს პრაიმერი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური რეზულტატი იქნება საბოლოოდ?
_ გამოკითხვებს, რა თქმა უნდა, არა აქვს სიზუსტეზე პრეტენზია. ყველაზე კვალიფიციური კვლევებიც კი როცა ქვეყნდება, მიუთითებენ, რომ ცდომილება არის გარკვეული პროცენტი. გამოკვლევები იმიტომაც არის გამოკვლევები, რომ ეს არის ვარაუდი და მას სიზუსტეზე არ აქვს პრეტენზია. ეს იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას. სიზუსტეზე პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა რაღაცა ტენდენციებს, ისევე როგორც ყველა კვლევა, ესეც აჩვენებს.
_ რამდენად ეფექტურ კონკურენციას გაუწევს თქვენი კანდიდატი სახელისუფლებო კანდიდატს?
_ ჩვენი კანდიდატი ვერ გაუწევს კონკურენციას სახელისუფლებო კანდიდატს, თუ ის არ გახდა ერთიანი კანდიდატი. ამიტომაც ვმუშაობთ იმაზე, რომ ის გახდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.
_ ოპოზიცია აკრიტიკებდა საარჩევნო კოდექსს და აცხადებდა, რომ არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღება აზრს კარგავს, თუმცა ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება?
_ ერთიანობა. ერთიანობა არის ამის გარანტია. თავიდანვე გვქონდა განსხვავებული ტაქტიკა რესპუბლიკელებისგან, რომლებიც ამბობდნენ, რომ საარჩევნო კოდექსი უნდა გავაუმჯობესოთო და შევიდნენ NDI-ის ჯგუში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს დამთავრდება ფიასკოთი და ეს ასეც დასრულდა. ხელისუფლებას თუ საარჩევნო კოდექსი შევაცვლევინეთ, სიტყვის თავისუფლება დავათმობინეთ, კარგი საარჩევნო გარემო შეიქმნა, მაშინ რად გვინდა ასეთი ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლების შეცვლა გვინდა იმიტომ, რომ ის არ ატარებს ამ რეფორმებს. ამიტომ ის, რომ ჩვენ სამართლიან გარემოში გვექნება ხელისუფლებასთან დაპირისპირება, არის ილუზია. უნდა ვიცოდეთ, რომ ხელისუფლებასთან მოგვიწევს არასამართლიან პირობებში დაპირისპირება და უნდა მოვიგოთ არასამართლიან გარემოში არჩევნები. ასეთი არასამართლიანი გარემო როდესაც არის, უნდა იყო მასზე არა ერთი და ორი თავით მაღალი, არამედ მთელი ათი თავით მაღალი და ამიტომ არის საჭირო ერთიანობა. საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბდა თბილისში?! გაყალბდა, მაგრამ როდესაც გვქონდა უპირატესობა ათი ერთზე, ვეღარ დაწერეს, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით. რა თქმა უნდა, შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მოგება დაადასტურეს. ახლაც, თუ გვექნება შეფარდება ათი ერთზე და ყველა გავერთიანდებით, რაც არ უნდა გააყალბონ, შევძლებთ, შედეგი ვაჩვენოთ, მაგრამ თუ იქნება ნაკლები სხვაობა ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, ხელისუფლება ამას უფრო ადვილად გააკეთებს. ანუ სინამდვილეში გასაღები არის ოპოზიციის ერთიანობაში და არა საარჩევნო კოდექსში.
_ თუ არჩევნები კვლავ გაყალბებით ჩატარდა, ამ შემთხვევაში როგორი იქნება ოპოზიციის ნაბიჯები?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება ერთიანი კანდიდატი. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი არის ყველანაირი აქციის წინააღმდეგი. ჩვენ რომ აქციები გვქონდა, მოდიოდა და ქუჩა გახსენითო, ჩვენ გვიწყობდნენ აქციებს. ანუ თუ ეს ხალხი იქნება ბრძოლის სათავეში, სავარაუდოდ, არც არაფერი შეიცვლება და წაგებული შედეგების ლეგიტიმაცია მოხდება. თუ იქნება ზვიად ძიძიგური ან სხვა რომელიმე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორც ერთიანი კანდიდატი, გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვება საპროტექსტო აქციების, ალბათ, ყველაზე მასშტაბური ტალღა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი