აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ბრენდან ჰანრაჰანს დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხს.
„ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ჰანრაჰანთან. შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. გავამახვილეთ ყურადღება, რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ტრამპის მარშრუტის“ საკითხზე. აღვნიშნეთ, რომ მივესალმებით „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა „შუა დერეფნისთვის“ და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და, რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ. გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.