აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება. მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს.
ამის შესახებ უიტკოფი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ომის დასრულების ხელშეწყობაა.
„10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებებში, რაც ხელს შეუწყობს პრეზიდენტ ტრამპის მისიის განხორციელებას ომის დასრულების მიზნით.
დისკუსიები შეეხება ომის შემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებებს, ესკალაციის შემცირებას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და მშვიდობისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს“, - წერს უიტკოფი.
ამასთან, უიტკოფის ინფორმაციით, ამ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილია ამერიკელი მომლაპარაკებლების შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.