სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუკი საქართველო მილიტარიაციას გააგრძელებს, ამას, შესაძლოა, კავკასიაში ახალი დაძაბულობის გაჩენა მოჰყვეს.
"საქართველო სიტუაციის დაძაბვის პოლიტიკის გატარებას არ ეშვება, ხოლო ჟენევის მოლაპარაკებათა მოდერატორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო მდდომარეობის დაძაბვის ძველებურ პოლიტიკას აგრძელებს", _ განაცხადა შამბამ დღეს სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე იოჰან ვერბეკესთან (გაერო) შეხვედრისას, რომელიც აფხაზეთში თავის ბოლო ვიზიტს ახორციელებს.
შამბამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ქმედებებმა აიძულეს აფხაზეთი, დახმარებისთვის რუსეთისათვის მიემართა, რათა ზღვაზე თავისი უსაფრთხოება დაეცვა.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გაიზიარა იოჰან ვერბეკეს ოპრიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მდგომარეობა "სტაბილურია".
შამბას განცხადებით, აფხაზურ მხარე ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გალის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ "ამ შეხვედრებს თავისი დადებითი შედეგი მაინც აქვს".
"რაც არ უნდა იყოს, დისკუსია მიდის და ეს არის მოედანი აზრთა გაცვლისთვის", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ "საქართველო გამალებით იარაღდება, გრძელდება უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენა, იზრდება სამხედრო კონტიგენტი დასავლეთ საქართველოში, ხორციელდება არტილერიული დანაყოფების გადასროლა გორიდან ვაზიანში".
შამბამ განაცხადა, რომ დღემდე არ არის ამოწურული ნეიტრალურ წყლებში დაკავებული გემის საკითხი, რომელიც აფხაზეთში მოემართებოდა.
"ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ინციდენტს ამოწურულად მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, როდესაც დაბრუნებული იქნება გემიც და ტვირთიც", _ განაცხადა შამბამ.