ისრაელის უფლებების დამცავმა ორგანიზაციამ "ომეცმა" სახელმწიფო კონტროლიორს, მიხა ლინდენშტრაუსს, მიმართა თხოვნით, გამოიძიოს დეპუტატ დალია იციკის საქმიანობა, რომელმაც თითქოს ხელი შეუწყო ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვას, პირადი მოტოვების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული სააგენტო "იზრუსი" ავრცელებს.
"უფლებების დამცავმა ორგანიზაციამ "ომეცმა" სახელმწიფო კონტროლიორს მიხა ლინდენშტრაუსს მიმართა თხოვნით, გამოიძიოს დეპუტატ დალია იციკის ("კადიმა") საქმიანობა. ორგანიზაცია მას ისრაელსა და საქართველოს ურთიერთობების დაძაბვას სდებს ბრალად. ლინდენშტრაუსისთვის მიმართვის საბაბად ინტერნეტგვერდ "News1"-ზე (19.04.2011) გამოქვეყნებული მასალა გახდა, რომელშიც მთავარი რედაქტორი იოავ იცხაკი იციკს ბრალს სდებს ებრაელი ბიზნესმების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის სასამართლო პროცესში ჩარევაში.
შეგახსნებთ, რომ ებრაელ ბიზნესმენებს 7 და 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი თანამდებობის პირისათვის, კერძოდ კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის ბრალდებით", _ წერს სააგენტო.
მათი ინფორმაციით, იციკი რომელიც ეჰუდ ოლმერტის მთავრობის დროს (2006-2009 წწ.) ქნესეთის სპიკერის თანამდებობას იკავებდა, იცხაკის მტკიცების რონი ფუქსის ახლო ნაცნობია. ჟურნალისტის მტკიცებით, სწორედ მან "წააქეზა" ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი, პარლამენტის სპიკერი რეუვენ (რუბი) რივლინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გამოჰქომაგებოდნენ დაკავებულებს.
"ორგანიზაცია "ომეცის" მიმართვაში ლინდენშტრაუსის მიმართ ნათქვამია, რომ გამოძიების ჩატარების თხოვნა სწორედ ინტერნეტგვერდ "News1"-ზე გამოქვეყნებულ მასალას ემყარება. იცხაკის სტატიაში არ არის მოყვანილი იციკის მხრიდან პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრზე განხორციელებული ზეწოლის არც ერთი ფაქტი, არ არის არც პრესსამსახურებისა და არც პრეზიდენტის კანცელარიის რეაქცია. მეტიც - იცხაკი ისრაელის მედიას ადანაშაულებს იმაში, რომ მან დამალა ფუკსისა და ქნესეთის ყოფილი დეპუტატის მეგობრობისა და ახლობლობის ფაქტი", _ წერს "იზრუსი".