საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2010 წლის ბოლოს -11.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.2 პროცენტით აღემატება. მთლიანი აქტივები 3.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 60.4 პროცენტი სარეზერვო აქტივების წილად მოდიოდა. სარეზერვო აქტივები, წინა წელთან შედარებით 7.3 პროცენტით გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 15.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით გაიზარდა, და 7.8 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წელთან შედარებით 28.9 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდების ხარჯზე და 1.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.
წინა წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 4.9 პროცენტით შემცირდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების კლების ხარჯზე, და 654.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 27.4 პროცენტით გაიზარდა სავალუტო ფონდის კრედიტების და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებების ხარჯზე. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 0.3 პროცენტით არის შემცირებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 0.2 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 0.7 პროცენტით შემცირდა. გასული წლის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 29.7 პროცენტით გაიზარდა.
2010 წლის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 221.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.