დღეს, 2 დეკემბერს, ათენში ეუთოს მინისტერიალი დასრულდება. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც, რომელიც ამ მიზნით საბერძნეთში 30 ნოემბერს გაემგზავრა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, მინისტერიალზე გრიგოლ ვაშაძე სიტყვითაც გამოდის.
მისი განმარტებით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვაც.
შეგახსენებთ, რომ ათენში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 1-ელ დეკემბერს, ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, თხოვნით მიმართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგაუდას ურშაცკასს, რათა ლიტვურ ენაზე საქართველოს სახელი, ნაცვლად გრუზიისა, მოიხსენიონ, როგორც გეორგია. აღნიშული თხოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსნა იმით, რომ გეორგია არის ქვეყნის ისტორიული სახელი, ხოლო დასახელებე გრუზია სლავური წარმოშობისაა.
ლიტვის საგარეო უწყების პრესმდივნის, ოლანდას კაცინსკასის განცხადებით, ქვეყანა საქართველოს ოფიციალურ მიმართვას აღნიშნულთან დაკავშირებით 2 დეკემბერს მიიღებს. მისი განცხადებით, ქართული მხარის თხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც აღნიშნულის შესახებ უკვე რამდენიმეჯერ იყო საუბარი, ოფიციალური განცხადება კი 2 დეკემბერს პირველად გაიგზავნება.