უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ზაკარპატიაში ვიზიტით ჩავიდა, სადაც მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა. მადიარმა უკრაინასთან ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭა.
უკრაინული მედიის ცნობით,, ამის შესახებ მადიარმა ზელენსკისთან ერთად უჟჰოროდში, „დიდების ბორცვის“ მემორიალურ კომპლექსში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნის პატივის მიგებისას განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ვიწყებთ, რომლებიც ახალ ისტორიას ქმნის.
მინდა გამოვხატო სიხარული იმის გამო, რომ საკმაოდ მოკლე დროში, სულ რამდენიმე კვირაში, უკრაინულ მხარესთან მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა შევძელით იმ ათ საკითხზე, რომლებიც უნგრული ეროვნული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებს ეხებოდა“, - განაცხადა მადიარმა.
მადიარის განცხადებით, ის უკრაინაში უნგრელი ხალხისგან სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილის გადასაცემად ჩავიდა.
„უნგრელი ხალხი თქვენ გვერდით დგას“, - განაცხადა მადიარმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს იცავენ.
მისი თქმით, უნგრეთი უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველი დღიდან, 2022 წლიდან, ყველა შესაძლო გზით უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას.
გარდა ამისა, მადიარის განცხადებით, უნგრეთმა ომის დაწყებისთანავე შეიფარა უკრაინელი ლტოლვილები. საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ადამიანზე, მათ შორის ზაკარპატიელ უნგრელებზე.
მადიარმა აღნიშნა, რომ თავადაც პირადად მასპინძლობდა ზაკარპატიიდან ჩასულ ახალგაზრდა ლტოლვილებს.
მადიარმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში დღეს ხელცარიელი არ ჩასულა და ქვეყანას დახმარება ჩაუტანა.
კერძოდ, უნგრეთი უკრაინას გადასცემს პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის განკუთვნილ სამედიცინო აპარატურას, ენერგეტიკულ აღჭურვილობასა და სხვა საშუალებებს, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონ უნგრულ ფორინტს შეადგენს.
გარდა ამისა, უნგრეთი უკრაინას სატრანსპორტო საშუალებებსაც გადასცემს.
მადიარის თქმით, უნგრულმა მხარემ ასევე გაითვალისწინა უკრაინის თხოვნები, რათა ქვეყანას ზამთრისთვის უკეთ მომზადებაში დახმარებოდა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადიარს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მისი ვიზიტი უკრაინელი სამხედროების ხსოვნის პატივის მიგებით დაიწყო. მისი თქმით, უკრაინისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოსა და ევროპის მხარდაჭერა გვქონდეს, რადგან ეს ომი ევროპაში მიმდინარეობს... მადლობელი ვარ, რომ უნგრეთთან მნიშვნელოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვაშენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.