რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმებს არ წყვეტს, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი მოწოდებისა, თავი შეიკავოს ასეთი დარტყმებისგან.
ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
პუტინი უკრაინას საპასუხო ზომებით დაემუქრა და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან შესაბამისი მოქმედებები გარდაუვალია.
„ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმებს არ წყვეტს. სხვათა შორის, ეს ხდება აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, თავი შეიკავონ ასეთი თავდასხმებისგან. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მოქმედებები გარდაუვალია. ეს ყველამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
ამასთან, პუტინმა აღიარა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება კვლავ რთულია, თუმცა, მისი თქმით, ოქტომბრის დასაწყისში ფასების პიკურად გაზრდის შემდეგ, რუსეთის რეგიონების უმეტესობაში ბენზინის ფასები, ზოგადად, დასტაბილურდა.
„რუსეთში საწვავის შიდა ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნება შევძელით“, - განაცხადა პუტინმა.
კრემლის ლიდერი ასევე გამოეხმაურა ევროპელების გადაწყვეტილებას, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე.
„მათ ნაკლები რუსული ნავთობი და გაზი ექნებათ, პრობლემები კი - მეტი“, – განაცხადა პუტინმა.