უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევას მოითხოვენ. მათი სურვილია, შეთანხმებას იანვრამდე მოხდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კიევისთვის მისაღები იქნება, ვერ გაფორმდება, უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტის მიღებასა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
„უკრაინის მხარდაჭერისა და სანქციების დონე ისეთი უნდა იყოს, რომ რუსებისთვის მკაფიო სიგნალად იქცეს. დროა, მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ და ომი დავასრულოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, კუშნერი და უიტკოფი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად გაფორმებას ემხრობიან, სასურველია, ეს იანვრამდე მოხდეს.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შესაძლოა მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა მოუწიოს, მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის შეწყვეტის მზაობის არანაირ ნიშანს არ ავლენს.
„არსებობს სურვილი, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართოს და ეს ჩვენც გვესმის და რუსებსაც. გვესმის, რა შეიძლება იყოს ამის ფასი. ჩვენც ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.