აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შობამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. მისი თქმით, ამის მიღწევა სწრაფად იქნება შესაძლებელი, თუ ორივე მხარე მზად იქნება.
ამის შესახებ მელანია ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან განაცხადა. წამყვანმა ჯესი უოტერსმა მას ჰკითხა, რას ისურვებდა ყველაზე მეტად მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდისთვის.
„რა თქმა უნდა, მსოფლიო მშვიდობას. პირველ რიგში, ძალიან მინდა, ცეცხლის შეწყვეტის მეტი შეთანხმება ვიხილოთ. ამის გაკეთება ძალიან სწრაფად შეგვიძლია, თუ უკრაინა და რუსეთი მზად იქნებიან. ორივე მხარე უკვე მოლაპარაკებებშია ჩართული, ამიტომ, შესაძლოა, შობამდე კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტა გვქონდეს“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.
მელანია ტრამპის განცხადება 20 ნოემბერს, Fox News-ის საშობაო გადაცემის ჩაწერისა და თეთრი სახლის ნაძვის ხის განათების ღონისძიების ფარგლებში გაკეთდა.
პირველ ლედის კონკრეტული შეთანხმების პირობებზე ან მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია. მისი განცხადება შობამდე ცეცხლის შეწყვეტის იმედს გამოხატავდა და არა უკვე მიღწეულ შეთანხმებას.