ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, 19 ნოემბრის ღამეს ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რის გამოც ხიდზე მოძრაობა დროებით შეაჩერეს.
ამის შესახებ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
„ყირიმის ხიდზე მორიგი თავდასხმის შედეგად მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ყველა პასუხისმგებელი სამსახური სამუშაო ადგილზე იმყოფება. მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შეფასება“, – წერს აქსიონოვი.
მანამდე მონიტორინგის არხები იუწყებოდნენ, რომ ყირიმის ხიდზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სავარაუდოდ, ორი დარტყმა სარკინიგზო მონაკვეთზე განხორციელდა.
ამ დროისთვის ხიდის დაზიანების შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია უკრაინის შესაძლო მონაწილეობაზე მომხდარ ინციდენტში.