ორშაბათს, 16 ნოემბერს, დილით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე იერიში განხორციელდა, რის გამოც ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
„მტერმა ყირიმის ხიდზე იერიში მიიტანა. ამის გამო სატრანსპორტო მოძრაობა, სავარაუდოდ, დღის შუა პერიოდამდე შეიზღუდება“, - წერს აქსიონოვი Telegram-არხზე.
მისი თქმით, მომხდარის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური არის მობილიზებული, ქერჩში კი ოპერატიული შტაბი შეიქმნა. აქსიონოვის განცხადებით, ვითარებას პირადად აკონტროლებს.
ამასთან, მან მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა ყირიმსა და რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე პორტ „კავკაზს“ შორის საბორნე მიმოსვლის შესახებ.
Telegram-არხი "კრიმსკი ვეტერი" წერს, რომ დარტყმა დილის 05:38 საათზე ხიდის სანაოსნო მონაკვეთის ერთ-ერთ თაღზე განხორციელდა. ამჟამად სპეციალისტები თაღის მდგომარეობას ამოწმებენ.
ამ ეტაპზე ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე არ არის დაკონკრეტებული, რა სახის იერიშზეა საუბარი.