ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმoრ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ ისტორიული შეხვედრა ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, შენჟენში, ქვეყნის სამხრეთში მდებარე მსხვილ ტექნოლოგიურ ცენტრში გაიმართება.
შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.
როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ტრამპს ჩინეთში ვიზიტისას, სხვებთან ერთად, ილონ მასკიც გაჰყვება, თუმცა ის სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა იქნება. დონალდ ტრამპის აზრით, ამ საკითხის განხილვამ შესაძლოა მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ახალი შეთანხმების გაფორმება გამოიწვიოს.
როგორც Bloomberg წერს, ტრამპი სამიტს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პოზიციების შესუსტების ფონზე დაესწრება, თუმცა, შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის კიდევ უფრო მეტად იყოს განწყობილი.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ტრამპი სამმხრივი შეხვედრის გამოყენებას ირანის გარშემო არსებული ვითარების განსახილველად აპირებს, თუმცა შეეცდება, უკრაინის საკითხს თავი აარიდოს.
ამ შეხვედრამ, შესაძლოამ ჩინეთის, როგორც გლობალური ძალის, სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცოს, ხოლო ტრამპს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა მისცეს იმ დროს, როდესაც აშშ-ში მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი დაბალია.
თუმცა, გამოცემის შეფასებით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს როგორც კიევში, ისე დასავლეთის დედაქალაქებში. ის რუსეთის ლიდერს შესაძლებლობას აძლევს, უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების პირობების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინოს ისე, როგორც ეს მოსკოვის ინტერესებში შედის, მაშინ როდესაც უკრაინა, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება თავად უნდა ჰქონდეს, პროცესის მიღმა დარჩება.