დღეს, 16 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი „ფართო ევროპა - ძლიერი ევროპა“ (Wider Europe – Stronger Europe) და დაკავშირებადობისა და რეგიონთაშორისი უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება.
ევროკომისიის ინფორმაციით, გაფართოების ფორუმის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები და ამ პროცესის მნიშვნელობა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის იქნება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერჰი კორეცკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა და მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მეთაურები. ერთ-ერთ დისკუსიაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ნინო დოლიძეც მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება. მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღებით სირიის საკითხზე.
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მეორე მინისტერიალი მოჰყვება. მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილეობისთვის ბრიუსელს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანიც ეწვევა.
მინისტერიალის დღის წესრიგში რეგიონებს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერების საკითხებია.