რუტე: რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს, ოქტომბერში დანაკარგები, სავარაუდოდ, 50 ათასს აღემატებოდა
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ყოველთვიური დანაკარგები დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 40 ათასს აჭარბებს. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 50 ათასზე მეტი ყოფილიყო.
ამის შესახებ რუტემ 11 ნოემბერს, ნორვეგიაში, ატლანტიკური მომავლის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
რუტემ რუსეთის დანაკარგები ვიეტნამის ომში აშშ-ის დანაკარგებს შეადარა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში 56 ათასი სამხედრო დაკარგა, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში მხოლოდ ერთ თვეში 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს - დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. ოქტომბერში კი, წინასწარი მონაცემებით, ეს რიცხვი შესაძლოა 50 ათასსაც გადასცდა. 50 ათასი ერთ თვეში“, - განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს. მისი თქმით, რუსეთი რაკეტებითა და დრონებით უკრაინის ქალაქებს უტევს და ზამთრის მოახლოების წინ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს.
რუტეს განცხადებით, რუსეთმა ასევე გააძლიერა მტრული მოქმედებები ევროპის წინააღმდეგ, მათ შორის დივერსიები, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები და კიბერშეტევები, რომელთა მიზანიც ევროპული საზოგადოებების დესტაბილიზაცია და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაა.
„პუტინი ცდილობს, დაგვყოს, ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაცია მოახდინოს და უკრაინის მხარდაჭერა შეგვიზღუდოს. თუმცა, ცხადია, ის ამას ვერ ახერხებს. რუსეთის ყოველი ჰიბრიდული თავდასხმის საპასუხოდ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ვუწევთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.