აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კუბელებს, რომლებსაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა სურთ, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„თუ კუბაში გსურთ დადებითი ცვლილებების მიღწევა, ახლა ამის დროა. ხალხი იმედგაცრუებულია შეუსრულებელი დაპირებებითა და კორუფციით, მაშინ როცა პრივილეგიებით მხოლოდ ვიწრო წრე სარგებლობს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და CIA-სთან ფარული თანამშრომლობით მიაღწიეთ სასურველ ცვლილებებს“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა X-ზე.
განცხადება 23 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ტრამპმა თქვა, რომ ირანთან საკითხის მოგვარების შემდეგ ვაშინგტონი კუბასაც „მიხედავს“ და კუნძულთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად რუბიოს გაგზავნის.
რუბიოს პოსტიდან რამდენიმე საათში CIA-მ X-ზე ესპანურენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტებულია, როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება. სააგენტომ მათ ურჩია, აშშ-ის ოფიციალურ დაწესებულებას პირადად დაკავშირებოდნენ. ონლაინკონტაქტისთვის კი უსაფრთხო ქსელის, VPN-ის, პირადი ბრაუზერისა და პირად მონაცემებთან დაუკავშირებელი დროებითი ელექტრონული ფოსტის გამოყენება ურჩია.
რუბიოს განცხადებას კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარლოს ფერნანდეს დე კოსიო გამოეხმაურა. მან ვაშინგტონი CIA-ს საჯარო რეკრუტირებაში დაადანაშაულა.
„ახლა შეერთებული შტატები CIA-ში საჯარო რეკრუტირებას მიმართავს“, - დაწერა კუბელმა დიპლომატმა X-ზე და დასძინა, რომ სააგენტოში, როგორც ჩანს, იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ საკუთარი მომსახურების შეთავაზება „კბილის პასტასავით“ უწევთ.
აშშ-ის ადმინისტრაცია კუბის კომუნისტურ ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს. ვაშინგტონი კუნძულზე პოლიტიკური ცვლილებების მიღწევას ისახავს მიზნად. ტრამპმა ბოლო განცხადებაში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობაც ახსენა.