აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს, თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. ამასთან, მან თქვა, რომ ირანთან საკითხის მოგვარების შემდეგ აშშ კუბასაც „მიხედავს“.
ამის შესახებ ტრამპმა 23 ოქტომბერს, ფლორიდაში, ქალაქ ფორტ-მაიერსში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„შეიძლება, კიდევ ერთი პატარა „ეპიკური მრისხანება“ მოვაწყოთ, ან ისინი [ირანის ხელისუფლება] დათანხმდებიან“, - განაცხადა ტრამპმა ირანზე საუბრისას.
ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება „ჭკვიანურად მოიქცევა“, ის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება.
„თუ ისინი ჭკვიანები არიან, უბრალოდ იტყვიან: მოდი, საქმეს შევუდგეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კუბაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ირანიდან დაბრუნებისას აშშ-ის სამხედრო ხომალდები კუბის სანაპიროსთან გაჩერდებიან, რის შემდეგაც საქმეში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩაერთვება.
„ირანიდან დაბრუნებისას კუბასაც მივხედავთ... შემდეგ კი მარკო რუბიოს გავგზავნით, რომ შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა კუბასთან დაკავშირებით და რა კონკრეტულ ნაბიჯებს აპირებს ვაშინგტონი. Associated Press-ის ცნობით, პრეზიდენტმა ამ განცხადებებით კუბაში აშშ-ის შესაძლო ჩარევის საკითხი კვლავ წამოჭრა.