საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე 10 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს თავდასხმა ირანთან ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ყველაზე სისხლიან შემთხვევად იქცა. კონფლიქტის მასშტაბი გაიზარდა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებსა და საუდის არაბეთის მხარდაჭერით მოქმედ სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების ბოლო გამწვავების ფონზე.
განცხადებაში, რომელშიც თავდასხმაზე პასუხისმგებელი მხარე დასახელებული არ არის, ნათქვამია, რომ დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის ოთხი მოქალაქეა, ასევე - ბანგლადეშის ორი მოქალაქე და თითო მოქალაქე პალესტინიდან, აშშ-დან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან, სირიიდან და სუდანიდან. დ
თავდასხმა მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე გასულ კვირას მომხდარი თავდასხმების სერიის გაგრძელებაა. წინა თავდასხმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
მოსალოდნელია, რომ მომხდარი საუდის არაბეთზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა სამეფომ მოკავშირეებისგან, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისგან, სამხედრო მხარდაჭერა მიიღოს.
შაბათს, თავდასხმიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავდა, უნდა შეერთებოდა თუ არა შეერთებული შტატები საუდის არაბეთის მიერ ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს.