უკრაინის დელეგაცია, რომელიც აშშ-ში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, უკვე სამშობლოსკენ მიემგზავრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განაცხადა.
„ჯგუფები უკვე სახლისკენ გზაში არიან“, - თქვა ლიტვინმა.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ ეტაპზე ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრის მოწვევა, პრეზიდენტის მრჩეველმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები შაბათს, კვირასა და ორშაბათს არის დაგეგმილი, თუმცა მათი ფორმატები ჯერ კიდევ მუშავდება.
ლიტვინის თქმით, აშშ-ში მოლაპარაკებების მეორე დღე „არ გაუქმებულა, უბრალოდ, პირველი დღე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა და მას ცოტა განსხვავებული ელფერიც ჰქონდა“.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში აშშ-ის, უკრაინის, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებსა და ნატო-ს შორის დეესკალაციისა და ომის დასრულების გზებზე მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
ვაშინგტონში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს განცხადებით, მაიამიში მოლაპარაკებების მეორე დღე აღარ გაიმართება, რადგან შეხვედრები დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
„ხვალ შეხვედრა აღარ იქნება. მაიამიში მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა“, - წერს რაუფოღლუ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის წინააღმდეგ ომის დეესკალაციისა და დასრულების შესაძლო გზებზე კონსტრუქციული დისკუსია გამართეს, ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით.
მისი თქმით, განხილული საკითხები ფართო სპექტრს მოიცავდა, მათ შორის ზამთრისთვის მზადებასთან დაკავშირებულ მოკლევადიან ზომებს - ენერგეტიკულ მდგრადობასა და მარცვლეულის ექსპორტს; უსაფრთხოების გარანტიებს; ასევე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიან შეთანხმებებს, რომლებიც მომავალში კონფლიქტების თავიდან აცილებასა და უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას, ისახავს მიზნად.
უიტკოფის განცხადებით, აზრთა პროდუქტიულმა გაცვლამ განსაზღვრა ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მომდევნო კონტაქტებამდე გაგრძელდება.