ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეაჩეროს.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებას ემსახურება.
„ერთ-ერთი კონკრეტული ზომა, რომელსაც მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე წარვადგენ, არის ინიციატივა, რომ ევროპამ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩეროს“, - განაცხადა ორპომ ფინურ მედიასთან ინტერვიუში.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე დივერსიული საქმიანობის განხორციელებას ცდილობს. რა საჭიროა, ღვთის გულისათვის, მათ ევროპაში ტურისტების სტატუსით შემოსვლის უფლება მივცეთ, რათა აქ თავისუფლად გადაადგილდნენ?“ - იკითხა ფინეთის მთავრობის მეთაურმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სექტემბერში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი გააძლიერონ, ყოფილ რუს მებრძოლებს ვიზების გაცემა აუკრძალონ და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების რაოდენობა შეამცირონ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ზაფხულიდან განიხილავს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი პირებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას. ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში შევიდა მექანიზმი, რომელიც რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა აკრძალვა ჯერ ძალაში არ შესულა.