დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
მანამდე, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
როგორც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა. გარდა ამისა, პროკურორმა ფარულ ვიდეოჩანაწერზე ისაუბრა, სადაც მისივე თქმით, ბრალდებულები ვიდეოში აღწერენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულები თავად აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მათ დაიტოვეს, ნაწილი კი მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად გახდნენ, ერთი კი გარდაიცვალა. ყაზარაშვილის თქმითვე, საბა ბოჭორიშვილი ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა.
„არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ის რაც უნდა გაეკეთებინათ, მითუმეტეს, რომ მეგობარს ეძახდნენ გარდაცვლილს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, შეეძლოთ, დაერეკათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ნარკოტიკი გადასცეს და ეთქვათ, გაეფრთხილებინათ.
ეს ყველაფერი დანაშაულთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ისინი თავადაც იღებდნენ და სხვებსაც უნაწილებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი თავისუფლებაში ყოფნით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე. კითხვა მაქვს, რატომ არ შეატყობინეს დაურ ბუავას ან ქალბატონს, კლინიკაში მოხვედრისას ან კლინიკის დატოვების შემდეგ ეს ყველაფერი? როდესაც გარდაცვალების შესახებ გაიგეს და კითხულობდნენ, რა მოუვიდათ, იქამდე რატომ არ იკითხეს?“ [იპნ] - განაცხადა ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.