15 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით არის დაწყებული, ოჯახის წევრები დაზარალებულად ცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.
ადვოკატის თქმით, ახალგაზრდა კაცი ლგბტ თემის წარმომადგენელია.
"15 აგვისტოს იპოვეს ცხედარი, ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და ველოდებით რას დაადგენს გარდაცვალების მიზეზად. როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ბიჭი ძირითადად სულ სახლში იყო, დისტანციურად მუშაობდა და საკვებს და სხვა ნივთებსაც ძირითადად ონლაინ იძახებდა, გლოვოს და ვოლტის კურიერებს ხედავდნენ ხშირად მის ბინასთან.
კონკრეტულად რა ნივთები არ ჰქონდა გამოძიებას ამოღებული მისი ბინიდან, რაც ჩვენი ჩართვის მერე ამოიღეს, ვერ გეტყვით, რადგან ეს პირადი ნივთებია, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიაზე მეტად მკვლელობას ვარაუდობს" - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ოჯახის ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ.
როგორც ზვიად მარკოიძე ამბობს, ბოლოს ის ონლაინ პლატფორმა ტელეგრამში აქტიური 3 აგვისტოს იყო - შესაბამისად, ვარაუდობენ რომ ის ცოცხალი ამ ან შემდეგი დღის შემდეგ აღარ იყო.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენებას არ აპირებს, მას საქართველოში დაკრძალავენ.
.