მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერმანული გაზეთის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის (FAZ) ჟურნალისტი მიხაელ მარტენსი ძებნილთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი ჩანაწერი უწყების მონაცემთა ბაზაში 20 აგვისტოს გამოჩნდა.
ჟურნალისტს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით ეძებენ, თუმცა რომელი მუხლით, ოფიციალურ ჩანაწერში მითითებული არ არის. რუსული მედიის ინფორმაციით, მარტენსს დაუსწრებლად ბრალი სიძულვილის ან მტრობის გაღვივების მუხლით წარუდგინეს.
საქმე უკავშირდება ჟურნალისტის მიერ 8 აგვისტოს ბელგრადში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარების შესახებ.
რუსეთის საგამოძიებო უწყებები ასევე გეგმავენ სასამართლოსთვის მიმართვას მარტენსის დაუსწრებლად დაპატიმრების მოთხოვნით.
საქმის აღძვრის მიზეზი 8 აგვისტოს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე მომხდარი ეპიზოდი გახდა.
FAZ-ის ჟურნალისტმა მიხაელ მარტენსმა ზელენსკის ჰკითხა, რისი გაკეთება შეუძლიათ ევროპელებს, რათა უკრაინას „მეტი რუსის მოკვლაში“ დაეხმარონ. შემდეგ ჟურნალისტმა მაშინვე დააზუსტა: „რუსი ჯარისკაცების, რა თქმა უნდა“.
მარტენსის კითხვა გაჟღერდა უკრაინის შეიარაღების არსენალის გაზრდისა და რუსეთის მოლაპარაკებებისკენ იძულების გზებზე მსჯელობის ფონზე. მისმა ფორმულირებამ სერბეთის პრეზიდენტის გაკვირვება გამოიწვია.
FAZ-ის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ჟურნალისტი გულისხმობდა ექსპერტულ დისკუსიას იმის შესახებ, „როგორ შეიძლება რუსეთის არმიას ცოცხალი ძალის მხრივ პრობლემები შეექმნას, რათა რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ აიძულონ“. გამოცემამ მოგვიანებით განაცხადა, რომ შეკითხვის ფორმულირება ორაზროვანი იყო და დაადასტურა, რომ მისი სარედაქციო პოზიცია არ გულისხმობს რაც შეიძლება მეტი რუსი ჯარისკაცის მოკვლის მოწოდებას.
FAZ-ის რედაქციამ განაცხადა, რომ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის გამო წუხს და აღნიშნა, რომ მისი ფორმულირება „ორაზროვანი“ იყო. გაზეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რედაქცია არ მოუწოდებს რაც შეიძლება მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის მოკვლისკენ.
ამასთან, FAZ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ თავდაცვის უფლებას და რუსეთის აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას. „სიტყვის თავისუფლება მოიცავს კითხვების დასმის უფლებას, განსაკუთრებით პრესკონფერენციაზე“, - ნათქვამია გამოცემის პრესსამსახურის განცხადებაში.