აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი კუბას სანქციებს უწესებს.
ახალი სანქციები ცხრა ორგანიზაციისა და სამი ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაწესდა. განცხადების მიხედვით, სანქციები მიზნად ისახავს კუბის ხალხთან მეგობრობის ინსტიტუტის (ICAP) ხელმძღვანელობისა და ცხრა კუბური ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვას, რომლებიც შტატებში დივერსიებს აწყობენ.
"კუბის რეჟიმი დიდი ხანია აფინანსებს შეერთებულ შტატებში ფართო დივერსიულ ქსელს, რომლის მიზანია რეჟიმის მიმართ სიმპათიით განწყობილი პირების გამოვლენა, მათთან მუშაობა და მათი რადიკალიზაცია. ეს საქმიანობა უმეტესწილად საგანმანათლებლო ან კულტურული გაცვლის პროგრამების საფარქვეშ ხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ რეჟიმმა კომუნისტი ლიდერისა და დიქტატორ ფიდელ კასტროს დაბადებიდან 100 წლისთავი ამ დივერსიული ქსელის გასააქტიურებლად გამოიყენა და ჰავანაში საერთაშორისო მხარდამჭერთა ახალი ბრიგადა ჩაიყვანა, რათა მათ რეჟიმის წარმომადგენლებთან დაემყარებინათ კავშირები.
ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეგუება იმას, რომ მტრულად განწყობილი უცხო ძალა ცდილობს ამერიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ტყუილებით, ჯაშუშური მეთოდებითა და სხვა უკანონო ქმედებებით, რათა გამოიყენოს ის თავისუფლებები, რომლებიც კუბელ ხალხს თავად არ გააჩნია. ეს ყველაფერი კუბის რეჟიმის მრავალწლიანი მცდელობის ნაწილია, მთელ მსოფლიოში მარქსიზმის, რასობრივი დაპირისპირების და კომუნისტური ძალადობის გავრცელების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის რეჟიმის ანტიამერიკულ კამპანიას არ შეეგუება.
„ასევე, მე ვაცხადებ ცხრა სუბიექტის დასანქცირებას, მათ შორის კუბის მშენებლობის სამინისტროს, რომლებიც რეჟიმის რეპრესიულ აპარატს ინარჩუნებენ ძირითადი ეკონომიკური სექტორების კონტროლის გზით. დღევანდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეგუება კუბის რეჟიმის მცდელობებს, დააფინანსოს თავისი რეპრესიები ან გააგრძელოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ანტიამერიკული კამპანია“,- ნათქვამია განცხადებაში.