ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა,რომ ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, საფრთხე ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართაც გავრცელდება.
ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ნატო მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს საფრთხეებს და მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას. ამის მაგალითად მან წუხელ რუმინეთის თავზე დრონის ჩამოგდება მოიყვანა.
„წუხელ ნატო-მ კიდევ ერთხელ აჩვენა მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვის მზადყოფნა და შესაძლებლობა, როდესაც რუმინეთის თავზე დრონი წარმატებით ჩამოაგდეს.
ამასთან, ნატო-ს მიმართ საფრთხე იარსებებს მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს გააგრძელებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა და ამავდროულად გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს აგრესიული ომი და მიღწეულ იქნეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ წუხელ რუმინეთის საჰაერო სივრცეს აკონტროლირებდნენ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები და მათ კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა.
მისი თქმით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 04:44-ზე ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი ობიექტი, ჩრდილოეთით, გალაციდან 24 კილომეტრში დააფიქსირეს.
ცოიუს განცხადებით, 05:01-ზე დრონი ესპანელმა პილოტებმა, რუმინეთის სამეთაურო ცენტრთან კოორდინაციით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაანადგურეს.