ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, ირანის ეკონომიკისთვის მძიმე სანქციების გამოყენების შესახებ, სავარაუდოდ, შეამცირებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა CNBC-სთან განაცხადა .
სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციის“ განხორციელებას გეგმავს.
ბესენტის თქმით, აშშ თავის ყველა მოკავშირეს ეტყვის: „ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ“. მისი განცხადებით, მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განახლების საჭიროება შესაძლოა აღარ დადგეს.
„თუ ჩვენ მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ, მაშინ, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლება საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ბესენტმა.
ბესენტმა აღნიშნა, რომ აშშ გეგმავს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანს ეკონომიკურ მხარდაჭერას გაუწევენ.
„თუ თქვენ მოისურვებთ [ირანთან] საქმიანი ურთიერთობის ქონას, ან ფულის გადარიცხვას, მათი ნავთობის შეძენას, ან საზღვაო გზით გემებით გადაზიდვებს, მაშინ აშშ-ის ხაზინა და აშშ-ის მთავრობა… მთელ ძალას გამოიყენებს თქვენს წინააღმდეგ იძულების აღსასრულებლად“, – თქვა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, ვაშინგტონი ირანის რეჟიმის დამხობას აპირებს.