რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განმარტა, რას უკავშირდება ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ამჟამად მგზავრთნაკადი განსაკუთრებით მაღალია რუსეთის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენებიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამავდროულად, რუსეთის დატოვების მიმართულებით მოძრაობის ინტენსივობაც მაღალი რჩება, რაც მიმდინარე ტურისტული სეზონით არის განპირობებული“, - განაცხადეს უწყებაში.
რუსეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს მგზავრთნაკადმა 20 ათასი ადამიანი შეადგინა. უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში გათვალისწინებული იყო როგორც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის, ისე ქვეყნიდან გასვლის მიმართულება.
მომდევნო დღეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, 19 აგვისტოს დილის 6 საათის მდგომარეობით, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ორივე მიმართულებით 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა. რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით დაახლოებით 8,5 ათასი ადამიანი გადაადგილდა, ხოლო რუსეთის დატოვების მიმართულებით - 7,5 ათასზე მეტი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც რუსული მედისთვის გააკეთა.
უწყების განმარტებით, სტატისტიკის დათვლისას გათვალისწინებული იყო საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილების ძირითადი საათები და არ იყო ჩათვლილი ღამის პერიოდი, როდესაც მოძრაობის ინტენსივობა, როგორც წესი, მცირდება. რუსეთის საბაჟო სამსახურმა აღნიშნა, რომ „ზემო ლარსი“ კვლავ გაზრდილი დატვირთვის პირობებში მუშაობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „ზემო ლარსის“ გავლით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის 7 880 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო საქართველოდან ამავე გამშვები პუნქტით 8 406 ადამიანი გავიდა.