რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ [გურამ დადიანიძის გაიჩინარების] საქმეზე, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია, - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ "ტვ პირველს" განუცხადა
მისი თქმით, ვიღაცას აწყობდა მიჩქმალულიყო გამოძიება და გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები:
“წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, - თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
იურისტმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს“.
„რაც შეეხება გასაჯაროებულ ვიდეოს, გამოკითხულია ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ატვირთა „იუთუბში“. აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერით“,- დასძინა კაკაბაძემ.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.