პარტიის თავმჯდომარეს, დიდი ალბათობით, აღარ ავირჩევთ ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორითაც ახლაა, აღარც გენერალური მდივანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელიც მან გასულ კვირას ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა იმის შესახებ, პოლიტსაბჭო სხდომის ჩასატარებლად უფლებამოსილი არ იყო.
„ძალიან გამიკვირდა თინა ბოკუჩავას განცხადება. ამ სხდომაში არაფერი არალეგიტიმური არ იყო. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა. იქ იყო უამრავი ადამიანი და დამსწრე, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, ოქმს მიიღებს ყველა წევრი, როცა ეს ოქმი მზად იქნება თავისი ხელმოწერებით და ნახავენ, ვინ ესწრებოდა და არ ესწრებოდა. ანშლაგი ნამდვილად არ იყო, რადგან ბევრს არ ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა, თუმცა ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რეგიონიდან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით. ყველა შემთხვევაში, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეეძლო, პარტიას დაენიშნა ყრილობა. ამას არავითარი მანიპულაცია არ სჭირდებოდა. შეიძლება, თინას გარკვეული წყენები ჰქონდეს, რადგან ჩვენ იმ სტატუსს, რაც ახლა გვაქვს – პარტიის თავმჯდომარეს, დიდი ალბათობით, აღარ ავირჩევთ ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორითაც ახლაა, აღარც გენერალური მდივანი. გვინდა, იყოს მართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციას.
მისი თქმით, 5 აგვისტოს გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები.
"ბევრი თვის წინ პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა მართვის საფუძვლიანი რეფორმა, რომლის ორი მთავარი, მნიშვნელოვანი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი, პარტია გახდეს ბევრად უფრო მეტად სახალხო, დემოკრატიული, გამჭვირვალე და ამით უზრუნველყოფილი იყოს ბევრად უფრო მეტი სამართლიანობა პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში. მეორე, მნიშვნელოვანი სიახლე - ჩვენ შემოგვაქვს პარტიის ისეთი წევრობა, როდესაც პარტიის წევრები შემოწირულების სახით გადაიხდიან პარტიის საწევროს და დაეხმარებიან პარტიას, იყოს ყველაზე დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ეს არის მთელ მსოფლიოში. ფინანსურად დამოუკიდებლობა ნიშნავს ყველანაირ დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და არა ცალკეული მდიდარი შემომწირველის მიმართ.
რაც შეეხება ნანუკას, ის ჯერ პარტიის წევრი არ არის. ამიტომ, ამ ყრილობასთან მას ვერ დავაკავშირებ. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას აქვს სურვილი, ნანუკას და საზოგადოების სხვა წევრებს ჰკითხოს, როგორ წარმოუდგენია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ენმ-ის რეფორმირების საკითხები, რომელიც ჩვენი სტრუქტურისგან გარეთ იქნება“, - განაცხადა გია ბარამიძემ.