შუქის ჩაქრობა სურთ, დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.
„ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია, იყო სრული კოლაფსი, რაც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა, იმ მდინარაძის, რომელიც პარლამენტიდან სუს-ში გადაიყვანეს, უმცროსი ლეიტენანტობიდან უცებ გენერალ მაიორი გახადეს, ასევე სახლობანას ათამაშებს ირაკლი კობახიძე, ვიდრე ამის ძალა შესწევს. უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ სანახაობა, რეალურად, ეს არის კლანური დაპირისპირებები, რეალურად, ეს არანაირ შემხებლობაში არ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასთან, კობახიძე ცდილობს ვიდრე შეუძლია, თავისი კადრი მდინარაძე აქეთ-იქით ატაროს, მაგრამ როცა მას აღარ შესწევს ამ საბნის დახურვა, ამას ეწირებიან ცალკეული კადრები, როგორც ეს ზარდიაშვილის შემთხვევაში მოხდა. ამ ქვეყანაში გამეფებულია არაკომპეტენტურობა, უპასუხისმგებლობა და ქვეყანაში კატასტროფები ხდება, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა“, - განაცხადა სიორიძემ.