გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული არ მიიჩნევს, რომ ნატო დასუსტდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ბოლო დაძაბული მოვლენების გამო.
ვადეფულის თქმით, ანკარის სამიტის შემდეგ ნატო კვლავ ერთიანია.
„ნატო ერთად დგას“, - განაცხადა მან.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ სამიტის ბოლოს ტრამპი აშკარად დადგა ევროპელი მოკავშირეების მხარეს.
ჟურნალკისტების შეკითხვაზე, ხომ არ მიუახლოვდა ნატო დაშლის ზღვარს, ვადეფულმა უპასუხა:
„ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.
ამასთან, მან აღიარა, რომ სამიტის დროს „გამაღიზიანებელი განცხადებებიც“ გაკეთდა.
„თუმცა დღევანდელი შიდა განხილვის დროს ჩვენ ძალიან ერთიანი ვიყავით და ერთმანეთის მიმართ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატეთ. გარდა ამისა, ამერიკელებს ყველა საშტაბო სტრუქტურასა დ ნატო-ს ფარგლებში პოლიტიკურ დისკუსიაში ძალიან საიმედო პარტნიორებად მივიჩნევთ“, - განაცხადა მან.
ვადეფულის თქმით, ევროპელი მოკავშირეები ნატო-ს ფარგლებში სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. მისი შეფასებით, ეს დადებითი მოვლენაა, რადგან მათ გარკვეულწილად საშუალებას აძლევს, შეამცირონ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება.
ოთხშაბათს, ანკარაში გამართულ ნატო-ს სამიტზე, ტრამპმა საჯაროდ გამოხატა ევროპელი მოკავშირეების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება.
შეხვედრის ფარგლებში ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთთან სურს ვაჭრობის შეწყვეტა მისი თავდაცვის ხარჯებისა და ირანის ომის მხარდაჭერაზე უარის გამო და ამ ქვეყანას „საშინელი პარტნიორი“ უწოდა.
მან ასევე გერმანია დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც, მისი თქმით, აშშ-ს იმედი გაუცრუეს.
მოგვიანებით, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტრამპმა სრულიად განსხვავებული ტონი გამოიყენა და სამიტს „უზარმაზარი წარმატება“ უწოდა, ხოლო დარბაზში არსებულ „დიდ სიყვარულსა“ და ერთიანობაზე ისაუბრა.
მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ტრამპი მართალი იყო, როდესაც მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენდა თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით და როდესაც ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო.