უკრაინაში ომის აქტიური ფაზა შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდეს. ასეთი პროგნოზი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში გააკეთა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა წელს ომის აქტიური ფაზის დასრულება, ბუდანოვმა განაცხადა, რომ „შანსები არსებობს“, თუმცა მანამდე, მისი თქმით, შემდგომი ესკალაციაა მოსალოდნელი.
„შანსები არსებობს და გაზაფხულზე მოლაპარაკებები ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობდა. ახლა ყველანი ესკალაციის ფაზაში შევედით - ამას ყველა აცნობიერებს. იმისთვის, რომ ესკალაციიდან გამოვიდეთ, ჩვეულებრივ საჭიროა მაქსიმალური ესკალაცია. ანუ ახლა ესკალაცია, შემდეგ დეესკალაცია და ამის შემდეგ დიალოგის გაგრძელება, თუ მხარეები ამაში დაინტერესებული იქნებიან“, - განაცხადა მან.
ბუდანოვმა დაამატა, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა, მათ შორის, ნოემბერში დაგეგმილ ამერიკის არჩევნებსაც უკავშირდება, თუმცა, მისი თქმით, ეს მთავარი ფაქტორი არ არის.
მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების საკითხი კომპლექსურად გადაწყდება, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამასთან, მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის ომის დასრულებისკენ მხოლოდ უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულმა მუშაობამ შეიძლება უბიძგოს.
„ჩინეთი, დიახ, მაგრამ ჩინეთს, ასე ვთქვათ, ამაში საკუთარი სარგებელი აქვს. ამიტომ ჩინეთი ისედაც გამოხატავს თავის ოფიციალურ პოზიციას და კარგია, რომ ის ისეთია, როგორიც არის, რადგან შეიძლებოდა, სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენთვის გაცილებით უარესი იქნებოდა, თუ ჩინეთი აშკარად პრორუსულ პოზიციას დაიკავებდა. ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ყველა შესაბამისი შედეგით“, - განაცხადა ბუდანოვმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიული კომპრომისები „პრინციპულად შეუძლებელია“.