რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და ოლქში 7 ივლისის ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონზე სარაკეტო იერიში განხორციელდა და რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ შუვაევის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა „ერთი ობიექტი ბელგოროდში“ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
„...ბელგოროდში ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაზეც მეხანძრეები მუშაობენ. კვლავ დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც ბელგოროდის ცალკეულ რაიონებსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხებულია,“ - თქვა მან.
როგორც მონიტორინგის არხები იუწყებიან, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ბელგოროდის მაგისტრალური გაზსადენების ექსპლუატაციის სამმართველო , სადაც ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული საწარმო "გაზპრომის" სტრუქტურაში შედის. ის პასუხისმგებელია ბელგოროდის ოლქში მაგისტრალური გაზსადენების გამართულ მუშაობასა და რეგიონის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებაზე.