სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარებით, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„როგორც არჩევნებამდე [სომხეთის პარლამენტის 7 ივნისის არჩევნებო], ისე არჩევნების შემდეგაც ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება რუსეთთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სომხეთსა და რუსეთს შორის გარკვეული პრობლემები წარმოიშვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელი იქნება.
„ეს შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების მთელი სპექტრი. ბოლო პერიოდში გაჩნდა გარკვეული პრობლემური საკითხები და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მათ განვიხილავთ და მოვაგვარებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი მონაწილეობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და იმაში, რომ ამ კავშირის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმები გეგმიურად მუშაობდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობს პლენარულ სხდომაში „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“, რომელიც ეკატერინბურგში საერთაშორისო ინდუსტრიული გამოფენის „ინოპრომ-2026“-ის ფარგლებში ტარდება.
.